English / ქართული / русский /
რევაზ ჯავახიშვილი
,,მწვანე ენერგეტიკაზე’’გადასვლა - შვედეთის ეროვნული სამრეწველო პოლიტიკის მთავარი ასპექტი

ანოტაცია. ენერგეტიკის ალტერნატიულ წყაროებზე გადაყვანა შვედეთის სამრეწველო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. სტატიაში გაანალიზებულია ქვეყანაში ნახშირწყალბადოვანი ენერგეტიკიდან ენერგიის ახალწყაროებზე გადასვლის ძირითადი მიმართულებები, განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ეკონომიკასა და ყოფა-ცხოვრებაში ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული წყაროების-ბიოსაწვავისა და ქარის ენერგიის გამოყენებაზე. ენერგეტიკის შვედური სააგენტო ამ სფეროში წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრამას, ქვეყნის მთავრობა კი-მასტიმულირებელ ღონისძიებებს საგადასახადო შეღავათებისა თუ სავაჭრო რეგულაციების სფეროში. შვედეთში ,,მწვანე ენერგეტიკაზე’’ გადასვლა ხორციელდება არასპონტანურად, არამედ სახელმწიფო პოლიტიკისმიზანმიმართული,თანმიმდევრულიდაეტაპობრივიგანხორციელებისსაფუძველზე.

საკვანძო სიტყვები: სამრეწველო პოლიტიკა, ,,მწვანე ენერგეტიკა’’, ,,მწვანე გადასახადები’’, ბიოსაწვავი, ბიო ენერგეტიკა, ქარის ენერგია,,,მწვანე სერტიფიკატები’’, ენერგიის ალტერნატიული წყაროები. 

შესავალი  

გლობალიზაციის ეპოქაში ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას არსებითად განსაზღვრავს ინოვაციების გამოყენება, რომელიც წარმოადგენს მთავარ მამოძრავებელ ძალას მისი ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სოციალური განვითარების პროცესში. ამ თვალსაზრისით, შვედეთი ერთ-ერთი საყურადღებო ქვეყანაა, რომელსაც თავისი ინოვაციური განვითარების დონით ლიდერი ქვეყნის პოზიცია უკავია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

   მაღალი ინოვაციორი დონის მისაღწევად შვედეთმა განვლო საკმაოდ ხანგრძლივი და რთული გზა, რის შედეგადაც რამდენიმე ათწლეულში იგი ჩამორჩენილი აგრარული ქვეყნიდან მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს და მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ იქცა. მას გააჩნია მრავალფეროვანი და განვითარებული ეკონომიკური სისტემა, რომელიც ეფუძნება ეკონომიკის ისეთ რესურსულ ბაზას, როგორიცაა ხე-ტყე, რკინის მადანი და ჰიდრორესურსები. ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგია მაღალგანვითარებული მრეწველობა, რომლის ძირითადი ქვედარგებია: მანქანათმშენებლობა, ხე-ტყის გადამუშავება, რკინის მოპოვება და ფოლადის გამოდნობა, ,,მწვანე ენერგეტიკა’’, ფარ-მაცევტიკა, ტელეკომუნიკაციები, მიკროინსტრუმენტების, ქიმიური პროდუქციის და სამომხარებლო საქონლის წარმოება, სოფლის მეურნეობა, პროდუქტების გადამუშავება და სხვ.

   ინოვაციებზე გადასვლის სფეროში შვედეთის მყარი პოზიციების შენარჩუნება განპირობებულია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მოდელით, რომელმაც გლობალიზაციის პირობებში გამოავლინა თავისი უპირატესობები, რამაც, თავის მხრივ, ხელსაყრელი პირობები შექმნა ბიზნესის განვითარებისათვის და, ამავდროულად, მიიპყრო საერთაშორისო კომპანიების დიდი ყურადღება.

დღეისათვის შვედეთის ეკონომიკაში როგორც წარმოების, ისე მომსახურების სფეროში ბევრი დიდი საერთაშორისო კომპანია დომინირებს, რომელთაც დიდი ინტერესი გააჩნიათ ერთობლივი საწარმოების შექმნის, პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების განხორციელებისთვის.  

* * *

   შვედეთის ინოვაციური სამრეწველო პოლიტიკა მისი ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, რადგანაც მრეწველობა ქვეყანაში ვითარდება იმ ღონისძიებათა გავლენით, რომლებიც მთელ ეკონომიკაზეა ორიენტირებული. შვედეთის ეროვნული სამრეწველო პოლიტიკა მჭიდრო კავშირში იმყოფება ქვეყნის ინოვაციურ, რეგიონულ, ეკოლოგიურ პოლიტიკასა და მის სოციალურ ორიენტაციასთან, რაც სათანადო პირობებს ქმნის ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაღალი დონის მისაღწევად.           

   გარდა ამისა, შვედეთში ფართოდ გამოიყენება კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს პარტნიორობა არა მხოლოდ ცალკეული პროდუქტების წარმოების განხორციელების დროს, არამედ ქვეყნის მაკროეკონომიკურ დონეზეც. ბიზნეს სექტორი, სახელმწფოსთან ერთად, თავის თავზე იღებს სოციალური დანახარჯების დაფინანსების პასუხისმგებლობას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, მთლიანობაში, სახელმწფოსა და კერძო ბიზნესის ინტერესები ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს, რამდენადაც ისინი თანაბრად არიან დაინტერესებული ეკონომიკის სოციალური და ინოვაციური ორიენტაციით.

შვედეთის სამრეწველო პოლიტიკის ძირითადი ასპექტებია:

  • საგადასახადო დატვირთვის შემცირება, რაც საგრძნობლად ასტიმულირებს ინვესტირებასა და სამეწარმეობა საქმიანობას. ქვეყანაში საკმაოდ მაღალია კაპიტალის მიწოდება დაბალი სასესხო პროცენტით, რაც ზრდის სამეწარმეო აქტივობას და ამცირებს საზღვარგარეთ კაპიტალის გადინებას;
  • ინოვაციური ჯაჭვის მთლიანობის უზრუნველყოფა,  ადეკვატური დაფინანსება, ცალკეულ სფეროებს/განათლება-მეცნიერება-წარმოება/ შორის კოორდინაცია და კოოპერაცია, ფუნდამენტური კვლევის პრიორიტეტული განვითარება, რომელსაც არ მოეთხოვება მოკლევადიან პერიოდში წმინდა კომერციული უკუგება;  
  • მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა  არა პირდაპირი სუბსიდირებით, არამედ მისი განვითარების ხელსაყრელი პირობების შექმნით, პირველ რიგში, ბიუროკრატიასთან, კორუფციასა და კრიმინალთან ბრძოლით.
  • ,მწვანე ენერგეტიკის’’/პირველ რიგში, ბიოენერგეტიკის და ქარის ენერგიის/ პრიორიტეტული განვითარება.
  • სახელმწიფოს მიერ მარეგულირებელი ფუნქციის გაძლიერება სასაქონლო სპეციალიზაციის, კერძოდ საექსპორტო სპეციალიზაციის სფეროში, რომელიც მოიცავს ისეთ დარგებს როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები და ტელეკომუნიკაციები, ბიოტექნოლოგია და ფარმაცევტიკა, ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება და სხვ.

   ეკონომიკის განვითარების შვედური მოდელი გვევლინება ყველაზე ხელსაყრელად მსოფლიო ბაზარზე დამყარებული საფასო პრიორიტეტების თვალსაზრისით, რაც საერთაშორისო გაცვლაში შვედეთს აძლევს ე.წ. ,,ტექნოლოგიური რენტის’’ ამოქაჩვის შესაძლებლობას. ადამიანისეული პოტენციალის განვითარება სულ უფრო მეტად იქცევა მეცნიერებატევად სპეციალიზაციაზე გადასვლის მნიშვნელოვან რესურსად.

   შვედეთის მრეწველობის განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებას ახალ /არანახშირწყალბადოვან/ ენერგეტიკაზე გადასვლა წარმოადგენს, რამდენადაც შვედეთს, მეზობელი ქვეყნებისაგან /პირველ რიგში, ნორვეგიისა და დანიისაგან/ განსხვავებით, არ გააჩნია ნავთობისა და გაზის დიდი მარაგები. ჯერ კიდევ კარგახნის წინ ქვეყანაში დაისვა ამოცანა, რომელიც ითვალისწინებდა ნახშირწყალბადების წვისგან თავისუფალ, ახალ ენერგეტიკაზე გადასვლას. ამ მიზნით ქვეყანაში დამუშავდა სახელმწიფო პროგრამა და მის საფუძველზე ახალი ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც გულისხმობს ნახშირწყალბადოვან ენერგეტიკაზე თანდათანობით უარის თქმას და მის მაგივრად ენერგიის ახალი წყაროების, პირველ რიგში, ბიოსაწვავისა და ქარის ენერგიის გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ შვედეთში ბიოსაწვავი კარგა ხანია ფართოდ გამოიყენება საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტზე, ბინების თბომომარაგებაში და სხვაგან. ამის შედეგად, ჯერ-კიდევ 1971-2004 წწ. ქვეყანაში ბიოსაწვავის მოხმარება 2,8-ჯერ გადიდდა, ხოლო ნახშირწყალბადოვანი ენერგიის მოხმარება 42%-მდე შემცირდა, ეკოლოგურად სუფთა ენერგიის მთლიანი მოხმარება კი 35%-მდე ამაღლდა [3,3].

   ბიოსაწვავთან ერთად, შვეციაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქარის ენერგეტიკის განვითარებაზე. შვედეთის ქალაქ ნორკეპინგში ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში აშენდა ბიოსაწვავის წარმოების პირველი ფაბრიკა, რომელსაც 2008 წელს მიემატა ასეთი ტიპის კიდევ ერთი საწარმო. შვედური სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია ვატერფალი ბალტიის ზღვაზე აშენებს უმსხვილეს ქარის ელექტროსადგურებს. კომპანია რიკსდაგმა მიზნად დაისახა ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდა ქარის ენერგიის ხარჯზე.

შვედური ენერგეტიკის სააგენტო წარმატებით ახორციელებს ბიოსაწვავის წარმოების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრამას. ორი სახელმწიფო კომპანია - ვატერფალი და სვეასოგი შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში ააშენონ ქარის ენერგიაზე მომუშავე 550 ელექტროსადგური, რომლებიც ჯამობრივად მოახდენენ 1500 მეგავატ ელექტროენერგიის წარმოებას, რაც სავსებით საკმარისია 800 ათასი საოჯახო მეურნეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად [3,9].

   ,,მწვანე ენერგეტიკაზე’’ გადასვლის პროგრამის განსახ­ორციელებლად შვედეთის მთავრობა ატარებს არაერთ მასტიმულირებელ ღონისძიებას. მაგალითად, ავტომფლობელებს, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენებისას, ეძლევათ საგადასახადო შეღავათები, ბენზინგასამართ სადგურებს კი დაეკისრათ, ტრადიციულ ბენზინთან ერთად, ივაჭრონ ენერგიის ალტერნატიული წყაროებითაც. აღნიშნული რეგულაციის პრაქტიკაში დანერგვის შედეგად ჯერ კიდევ 2008 წ. ქვეყანაში ახლად დარეგისტრირებული ავტომობილების 36% გამოიყენებდა არატრადიციულ საწვავს. შვედეთში ალტერნატიულ ენერგეტიკაზე გადასვლა მიმდინარეობს არა სპონტანურად, არამედ სახელმწიფო პოლიტიკის მიზანმიმართული, თანმიმდევრული და ეტაპობრივად განხორციელების საფუძველზე.

   შვედეთის ეროვნული სამრეწველო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა, რაც წარმატებით ხორციელდება ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროების წარმოების, დისტრიბუციისა და მოხმარების სფეროში. საერთოდ კი, ქვეყნის საწარმოთა საერთო რაოდენობაში მცირე და საშუალო საწარმოებს უკავიათ 90%-ზე მეტი, რომელთა წილად მოდის ეკონომიკაში დასაქმებულთა ერთი მესამედი და მშპ-ს დაახლებით ნახევარი [3,9]. ასეთი საწარმოები უფრო ადვილად ახერხებენ ,,მწვანე ენეგეტიკაზე’’ გადასვლას და უფრო მოქნილად რეაგირებენ მოთხოვნის, ტექნოლოგიებისა და გამოშვებული პროდუქციის ნომენკლატურის ცვლილებეზე. მათ უნარი შესწევთ, უკეთ დააკმაყოფილონ ცალკეული კატეგორიის მომხმარებელთა მოთხოვნები, რომელთაც თანამედროვე პირობებში გააჩნიათ ინდივიდუალიზაციის აშკარად გამოხატული ტენდენციები.

   შვედეთის მცირე მეწარმეობის მხარდაჭერაზე იხარჯება სამრეწველო პოლიტიკის განხორციელებაზე გამოყოფილი თანხების დაახლოებით 4%. მათი დიდი ნაწილი რეალიზდება ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ცენტრალური ხელისუფლება კი ახორციელებს საკოორდინაციო პოლიტიკასა და ქმნის ხელსაყრელ პირობებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისა და მრეწველობის ინოვაციურ რელსებზე გადაყვანისათვის, რომელიც სულ უფრო მეტად ეფუძნება ინტელექტუალურ პოტენციალს, მდგრად განვითარებასა და პროდუქციის წარმოების პროცესში ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკის გამოყენებას.

დასკვნა

   ამრიგად, შვედეთის სამრეწველო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას ,,მწვანე /არანახშირწყალბადოვან/ ენერგეტიკაზე’’ გადასვლა წარმოადგენს. რამდენადაც შვედეთს არ გააჩნია ნავთობისა და გაზის დიდი მარაგები, ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ დაისვას ეკონომიკის ,,მწვანე ენეგეტიკაზე’’ გადაყვანის ამოცანა, რისთვისაც ქვეყანაში დამუშავდა სახელმწიფო პროგრამა და მის საფუძველზე ახალი ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს ნახშირწყალბადოვან ენერგეტიკაზე თანდათანობით უარის თქმას და მის მაგივრად ენერგიის ახალი წყაროების, პირველ რიგში, ბიოსაწვავისა და ქარის ენერგიის გამოყენებას. შვედეთში ენერგიის აღნიშნული წყაროები კარგა ხანია ფართოდ გამოიყენება საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტზე, ბინების თბომომარაგებაში და სხვაგან.

    შვედური ენერგეტიკის სააგენტო წარმატებით ახორციელებს ბიოსაწვავის წარმოების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრამას. სახელმწიფო კომპანიები ვატერფალი და სვეასკოგი ქვეყანაში აშენებენ ქარის ენერგიაზე მომუშავე 550 ელექტროსადგურს, რომლებიც გამოიმუშავებენ 1500 მეგავატ ელექტროენერგიას, რაც სავსებით საკმარისი იქნება 800 ათასი საოჯახო მეურნეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ,,მწვანე ენერგეტიკაზე’’ გადასვლის პროგრამის განსახორციელებლად შვედეთის მთავრობა ატარებს სათანადო ღონისძიებებს. კერძოდ, ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამომყენებელ ავტომფლობელებს ეძლევათ საგადასახადო შეღავათები, ბენიზინგასამართ სადგურებს კი ეკისრებათ, ტრადიციულ ბენზინთან ერთად, ივაჭრონ ენერგიის ალტერნატიული წყაროებითაც. ახალ ენერგეტიკაზე გადასვლა ქვეყანაში მიმდინარეობს არა სპონტანურად, არამედ თანმიმდევრული და ეტაპობრივი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების საფუძველზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. გელიტაშვილი მ., შვედეთის ეკონომიკა, www.sociom.ge/index
  2. Глобальный инновационный индекс 2017г. http://www.wipo.int/pressroom/ru/articles/2017/article_0008.html
  3. Инновационная политика Швеции, http://refold.ru/look/270717.
  4. Экономика Швеции: История успеха, https://sweden.ru/ljudi/ekonomika-shvecii-istoriya-uspekha
  5. Эффективност промышленной политики Швеции http://refdb.ru/look/2701717-p10.html